„ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას „რუსეთის მოქმედება აძლიერებს იმის შიშს, რომ უკრაინაში საქართველოს მსგავსი ომი განმეორდება"
„2008 წლის 7 აგვისტოს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო, თავის ჯარებს სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება უბრძანა, ადგილობრივი დედაქალაქის ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის ჩათვლით. რამდენიმე საათის შემდეგ კი რუსეთის ჯარები, რომლებიც სამხრეთ ოსეთთან ახლოს, ჩრდილოეთით სამხედრო მანევრებს ატარებდნენ, კავკასიის ქედზე არსებული როკის გვირაბით საქართველოში შევიდნენ. ასე დაიწყო საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი, - წერს სტატიის ავტორი ნილ ბაკლი.
ექვსი წლის შემდეგ საერთაშორისო პრობლემების გამწვავებისას, ისტორია მეორდება სულ რაღაც რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ექვსი წლის წინ საქართველოს საზღვართან, რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების რაოდენობას ზრდის... ისევე როგორც მაშინ ცხინვალი, დონეცკიც ღამით დაიბომბა.
ჩაერევა თუ არა პირდაპირ რუსეთი კონფლიქტში? შეიძლება ეს გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვლადიმერ პუტინი ხომ მათ, არმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას, მხარდაჭერას პირდებოდა კიევის „ნაციონალისტური" მთავრობისაგან დასაცავად... მაგრამ უკრაინაში პირდაპირი შეჭრა დასავლეთის მხრიდან უფრო მკაცრ სანქიებს გამოიწვევდა, რუსეთი იზოლაციაში მოხვდებოდა, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ვიდრე საქართველოსთან კონფლიქტის დროს.
ამასთან, თუ რუსეთში მაინც გადაწყვეტს შეჭრას, ამით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებს ოლქების გაკონტროლებაში დაეხმარება და შეეცდება ისე „გაყინოს" ეს კონფლიქტი, როგორც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მოხდა. ეს რესპუბლიკა რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა, თუმცა მისი ტერიტორია ჯერ კიდევ დაკავებული აქვს. ეს არის ის ბერკეტი, რომლის დახმარებით რუსეთი თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს - თავიდან აიცილებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად, იგორ სუტიაგინი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ მოსკოვი უკრაინაში შესაჭრელად მზად არ არის. საზღვარზე ჯარების თავმოყრა მხოლოდ ძალის ერთგვარ დემონსტრაციად უნდა მივიჩნიოთ, რომლის მიზანი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დაშინებაა.. სხვა სამხედრო ანალიტიკოსების აზრითაც, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებულ რუსულ კონტინგენტს არ გააჩნია ის სპეცქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობით ლუგანსკისა და დონეცკის დაცვა შეიძლება [თუმცა, რასაკვირველია, არაა გამორიცხული, რომ ამგვარი სპეციალური ნაწილები გამოჩნდებიან].
რუსულ გაზეთ „ვედომოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში იგორ სუტიაგინმა გასულ კვირას კრემლი გააფრთხილა, რომ „ყირიმის ანექსიით მიღწეული ე.წ. გამარჯვება შეიძლება აღმოსავლეთ უკრაინაში დამარცხებით შეიცვალოს", ამიტომ უკრაინაში პირდაპირი მსხვილმასშტაბიანი შეჭრა სახიფათოა და დაუშვებელი თვით რუსეთისათვის. უახლოესი დღეები გვაჩვენებს, გააცნობიერა თუ არა კრემლმა ეს გაფრთხილება.