დიდი ბრიტანეთის გავლენიანი გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს სარედაციო წერილს ცუდი დრო
საქართველოს წარსულის გასახსენებლად - მიხეილ სააკაშვილის გასამართლებით დღევანდელი გამოწვევები ვერ მოგვარდება.
„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს, 2012-2013 წლებში, ანგელოზი არ იყო. ამასთან გარკვეული თვალსაზრისით, მან თავის ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 4,5 მილიონიანი მოსახლეობით, განავითარა, განაახლა და დასავლურ სამყაროში მისი პრესტიჟი აამაღლა", - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო მეტ ხანს რჩებოდა ხელისუფლებაში, სააკაშვილი სულ უფრო მეტად არღვევდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. თუმცა მისი როგორც ლიდერის ნაკლოვანებები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, როცა გასულ კვირას ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
„პირველი - ბრალდებები უფრო მეტად პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს, ვიდრე მიუკერძოებელ სამართლიანობის ინსტრუმენტს. ერთი მხრივ, ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების განმტკიცებას, მეორე მხრივ კი - მიხეილ სააკაშვილის მომხრე ოპოზიციის დაშინებას. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოში სტაბილურობას ხელი შეუწყონ, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა შესაძლოა ქართულ პოლიტიკაში 1991 წლიდან დაწყებული შურისძიების ციკლი გააგრძელოს.
მეორე - ბრალდებებს ყურადღება გადააქვს ეკონომიკური და საგარეო-უსაფრთხოების პრობლემებიდან, რომელზეც კოალიციამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს. რუსეთის მიერ ყირიმის მითვისება და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის, რომელსაც დასავლური სულისკვეთება აქვს, მაგრამ მაინც რუსეთის კონტროლის საფრთხის ქვეშაა, 1801 წლიდან დაწყებული, როცა მეფის იმპერიამ შთანთქა. ამიტომ გასაკვირი არაა, თბილისში შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ კრემლი, ქართული პოსტკომუნისტური სახელმწიფო დასუსტების მიზნით, თავის გრძელვადიან კამპანიას გააძლიერებს.
ისიც უეჭველია, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინში ღრმა უკმაყოფილებას იწვევს საქართველოს მცდელობა ევროატლანტიკური ხალხების ოჯახთან ინტეგრაციისათვის, რომელიც გამოვლინდა სააკაშვილისა და მისი წინამორბედის მმართველობის დროს. კრემლმა საქართველო დასაჯა 2008 წელს, როცა მოკლევადიან ომში ჩაითრია და რის შემდეგაც რუსეთმა ორი პრორუსული რეგიონის - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ანექსიის ფორმალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ რჩება. ქართველი ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ რუსეთს შეუძლია მოითხოვოს სახმელეთო კომუნიკაცია თავის სამხედრო ბაზასთან გიუმრიში, რომელიც სომხეთში მდებარეობს. ისინი აგრეთვე შიშობენ, რომ რუსეთს შეუძლია სომხური სეპარატიზმი გამოიწვიოს საქართველოს სამხრეთ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, რომლის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის მეშვეობით აზერბაიჯანული ნავთობის თურქეთში გატანა ხდება.
ამგვარი მუქარებისაგან საქართველო ფაქტიურად დაუცველია, მისი შეიარაღებული ძალები მცირერიცხოვანია, საქართველო ნატოს წევრი არ არის, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება კი სამხედრო პირობებს არ შეიცავს. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები თანაგრძნობით უყურებენ საქართველოს და მხარს უჭერენ მის დამოუკიდებლობას და დემოკრატიის მშენებლობას, მაგრამ დასავლური თბილი გრძნობები შეიძლება გაცივდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება გაჯიუტდება და მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების დევნას გააგრძელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების დიდი ნაწილი ეხება იმ მკაცრ ზომებს, რომელიც თბილისში 2007 წლის ნოემბერში გამართული მიტინგის დარბევისას იქნა გამოყენებული. იმ მომენტში აშკარა გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავდაპირველად კორუფციას ებრძოდა, დემოკრატიას განამტკიცებდა და რეფორმებს ახორციელებდა, გადაიქცა ისეთ ადამიანად, რომელიც ვერ იტანს და შეუწყნარებელია განსხვავებული აზროვნების მიმართ. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მან აღიარა დამარცხება 2012 წლის არჩევნების დროს, რის შემდეგაც, მართალია, დასავლეთის ზეწოლით, მაგრამ მაინც მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება კოალიციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმის სასამართლოში განხილვა „ობიექტური და გამჭვირვალე" იქნება. თუმცა ვერცერთ სასამართლოს ვერ ექნება ამის რეალური შესაძლებლობა, რადგან ექს-პრეზიდენტი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უგულვებელყოფს.
საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, დასავლეთის მთავრობებმა თბილისს უნდა ურჩიონ, რომ ყველასათვის კარგი იქნება ქვეყნის მომავლისაკენ ხედვა და არა წარსულში ქექვა და პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება", - წერს გამოცემა.