შვეიცარული გამოცემა „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი" საქართველოში ბოლო დროს განვიტარებულ მოვლენებს, კერძოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებლივ დევნას ეხმიანება და აქვეყნებს დანიელ ვეხლინი, სტატიას საქართველო წარსულის ტყვეობაში.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს.
საქართველოს მართლმსაჯულებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება სურს: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრალდება წინა ხელისუფლების ელიტის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნის ერთგვარ აპოგეას წარმოადგენს, წერს სტატიის ავტორი დანიელ ვეხლინი.
შეთქმულების თეორია
მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი პოსტიდან წასვლით სამხრეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკა საქართველოში მისი ათწლიანი მმართველობის პოლიტიკური ერა დასრულდა, თუმცა წერტილი არ დასმულა: პოლიტიკური ოპონენტების მიერ ჯერ კიდევ მის წასვლამდე აშკარად და არაერთხელ გამოხატული მინიშნებები ახდა - 46 წლის მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენეს. დაპატიმრების ორდერი უკვე გაცემულია, სასამართლო პროცესი კი თბილისში სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით ემუქრება.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ტაფტის უნვერსიტეტის ფლეტჩერის სკოლაში ლექციების კურსს კითხულობს, მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები უარყო, მათ „ფარსი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა, შურისძიება იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც მართლმსაჯულების ორგანოებს აკონტროლებს. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მიხეილ სააკაშვილისათვის ნათელია - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მისი მთავარი მოწინააღმდეგე, მილიარდერი. ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას, „ოლიგარქს" მისი დაპატიმრებისათვის რუსეთისაგან შეკვეთა აქვს მიღებული. ერთი შეხედვით, ამას თითქოსდა ისიც ადასტურებს, რომ უკვე ორი წელია მიმდინარეობს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა დაპატიმრებები, რომელიც მიზნად ისახავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ განადგურებას. დღეს დასავლეთის სახელმწიფოები და ევროკავშირი თბილისს მოუწოდებენ თავი შეიკავოს სააკაშვილის სამართლებრივი დევნისაგან და დაიცვას ის პრინციპები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.
ორგვაროვანი მემკვიდრეობა
ამასთან კანონიერი სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის ერთმანეთისაგან განსხვავება, მათ შორის საზღვრის პოვნა საკმაოდ ძნელია. ამას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობაც ადასტურებს. იგი, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, მაგრამ იმავდროულად ავტორიტარულ რეფლექსებსაც ამჟღვანებდა. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში ერთ-ერთი მთავარია ანტისამთვარობო მიტინგის ძალადობრივი დარბევა 2007 წლის ნოემბერში. ეს იყო იმ პროტესტების კულმინაცია, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებით (მან პრეზიდენტი ბევრ დანაშაულში ამხილა: კორუფციაში, ფავორიტიზმში, მკვლელობებისთვის ხელის შეწყობაში დ ა ა.შ.). როცა ქუჩაში ათასობით მომიტინგე გამოვიდა, მთავრობას ნერვებმა უმტყუნა, დემონტრაცია უმოწყალოდ დაარბია, გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ასობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, შემდეგ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა. ამასთან მთავრობის ერთგული უშიშროების ძალები სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიაში შეიჭრნენ და მისი პარალიზება გამოიწვიეს... მართალია, მიხეილ სააკაშვილმა იმ ხანებში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში ისევ გაიმარჯვა, მაგრამ მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოაკლდა.
პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენა აგრეთვე მმართველი ელიტის სხვა წარმომადგენლებსაც: შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ექს-მინისტრს დავით კეზერაშვილს, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას... მათგან ზოგიერთნი უკვე დაკავებულია ან სასჯელს იხდის, ზოგიერთები კი ქვეყნიდან არიან გაქცეულნი და თავს უცხოეთის სახელმწიფოებს აფარებენ.
პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საგამოძიებო ორგანოების მოქმედებას იწონებს. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ქართველებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაში მიცემა მართლმსაჯულების გამოვლინებაა და რომ ეს პოლიტიკური შურისძიება არ არის.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მომგებიან სიტუაციაშია: ერთი მხრივ, ყოფილი მმართველი პარტიისა და მათი ლიდერის პოპულარობა სულ უფრო კლებულობს. ყოფილი ელიტის ბევრი წარმომადგენელი დღეს აცხადებს, რომ ისინი მოტყუებულნი არიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ძალები იფიტება: მათ ივლისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოს ყველა რეგიონში წააგეს; მეორე მხრივ, უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონის მიუხედავად, ეკონომიკაში პირველი დადებითი იმპულსები გაჩნდა. დაჩქარდა აგრეთვე დასავლური ორიენტაციის პროცესი: ივნისში ხელი მოწერა ასიცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც უკვე რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ამასთან, როგორც ირაკლი რარიბაშვილმა განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, დადგა დრო, რომ წარსულში მიყენებული ჭრილობები მოშუშდეს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თვალები დავხუჭოთ ჩადენილ დანაშაულზე".
თუ სამართლიანობის აღდგენა გამჭვირვალედ და ზომიერად განხორციელდება, ამ შემთხვევაში შეიძლება კავკასიური საქართველოსთვის საკუთარი პოლიტიკური წარსული გაკვეთილებად იქცეს, მაგრამ თუ ასე არ განხორციელდება, მაშინ გაჩნდება შიდაპოლიტიკური ბრძოლის საფრთხე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის ზიანის მომტანი იქნება.