საქართველო-ლიტვის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის მუდმივი საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს სს მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდრონიუს აჟუბალისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა რომ აღნიშნული ქარტიის ფარგლებში შექმნილ საბჭოში სამი კომისია შევა. პირველი ევროკავშირის მიმართულებით, მეორე ნატოში და მესამე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით იმუშავებს. აღნიშნულ კომისიებს ორივე ქვეყნიდან სს მინისტრის მოადგილეები უხელმძღვანელებენ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრების შეფასებით, შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო.
მასალის გამოყენების პირობები