სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ 478 ათას 583 ლარს მიიღებს. როგორც მთავრობის №1202 განკარგულებაშია აღნიშნული, აღნიშნული თანხიდან 833 ათას 721 ლარი წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისათვის მომზადება-მონაწილეობის, ევროპის 2014 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისა და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის საჭირო ეკიპირების შეძენისა და წვრთნებისათვის შესაბამისი აუზის საიჯარო მომსახურების ანაზღაურებისათვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და ცალკეული წევრების სახელფასო ანაზღაურების, კვებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დაიხარჯება.
დარჩენილი 644 ათას 862 ლარი კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას გადაეცემა. თავად ფედერაცია კი ფულს 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზების უფლებების მოსაპოვებლად დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისათის დახარჯავს, რომელიც ბათუმში, 18-29 ოქტომბერს, 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის, ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების და 2014 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართ ცალკეულ შეჯიბრებებში ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობის დაფინანსების მიზნით დაიხარჯება.