დღეს, 28 მარტს, გამოცდების ცენტრში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდება.
მეორე ტურის ჩატარება გუშინ დაიწყო. ის მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში და ისტორიაში ტარდება და მასში მონაწილეობას 2202 მოსწავლე იღებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან.
ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.