იუსტიციის მინისტრმა „არბიტრაჟის შესახებ" კანონპროექტი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო გარემოს არსებობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის მიმართულებით.
„იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა სამინისტროში კერძო სამართლის უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებენ ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე კანონპროექტი „არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც საქართველოში წინ წამოწევს არბიტრაჟის ინსტიტუტს რამდენიმე მიზნით. პირველი: ბიზნესმენებს დავების მარტივად გადაწყვეტის საშუალება ჰქონდეთ ნაკლებ ფასად; არ იყვნენ იძულებული, რომ ყოველ დავაზე იარონ სასამართლოში და თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, რომ მათი პოტენციური დავები განიხილოს მოსამართლემ თუ არბიტრაჟმა. ჩვენ მიზნად ვისახავთ იმას, რომ სასამართლოში ბაჟი იყოს სიმბოლური, რომ არბიტრაჟის გზით მოსიარულე ბიზნესმენს არ მოუწიოს, ჯერ არბიტრაჟს გადაუხადოს დიდი თანხა და შემდეგ სასამართლოს. ამით ბიზნესმენებს მიეცემათ დიდი შვება. ჩვენი მიზანია, არბიტრაჟი გახდეს მოქნილი ინსტრუმენტი, დაუახლოვდეს არბიტრაჟის წესები გაერო-ს არბიტრაჟის წესებს, გახდეს მარტივი, მოქნილი და პოპულარული", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
კანონპროექტის მიზანია „არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ" „UNCITRAL"-ის მოდელურ კანონთან, ასევე, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
კანონპროექტის თანახმად, „UNCITRAL"-ის მოდელურ კანონთან შესაბამისობის მიზნით, ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები.
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება „არბიტრაჟის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის ხარვეზის გამოსწორება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას.
წარმოდგენილი ცვლილებებით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა; არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა და კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (რომელიც აერთიანებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს) წევრებმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.