საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 19 ივლისს, თბილისის „სურბ ეჩმიაძინ"-ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს და მოუწოდებს სამართალდამცველებს ზედმიწევნით, ზუსტად და ეფექტურად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი იმისათვის, რომ ამ ფაქტს არ მოყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპრატიდან აცნობეს ,,კონტექსტიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სათანადო კვალიფიკაციით. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული თვითმხილველთა გამოკითხვებით, ასევე, ინციდენტის ამსახველის ვიდეო მასალის შესწავლით დასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების ჩადენასაც, როგორიც არის ხულიგნობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯანმრთელობის დაზიანება თუ სხვა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა საგამოძიებო ორგანოებმა ზედმიწევნით სრულად მოიძიონ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ზემოაღნიშნული დანაშაულების ეთნიკური მოტივით ჩადენის ფაქტზე. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მოსამართლე უფლებამოსილი, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლი, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ეთნიკური ან სხვა დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას.იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობს ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის ფონი, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დამაჯერებლად და ამომწურავად გაეცეს პასუხი 19 ივნისს თბილისის „სურბ ეჩმიაძინ"-ის ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ურთიერთშეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამოხმაურება რაც ამ ინციდენტს სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში მოჰყვა, საგანგაშოა და აუცილებელია ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედიამ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში შეუწყნარებლობის ახალი ტალღის აგორება.ამ ინციდენტის ადეკვატურად გამოძიება და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივით მსგავსი ქმედებების ჩადენის პრევენციას", _ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.