რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გადმოყვანასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ ამ ფაქტს "წარმატებულ იდეას" ნამდვილად ვერ უწოდებს.
"გუანტანამოს პატიმრების საქართველოში გადაყვანას "წარმატებულ იდეას" ნამდვილად ვერ დავარქმევთ. არადა სინამდვილეში რა ხდება? ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ადამიანები არასტაბილურ რეგიონში გააგზავნეს, იქ სადაც ტერორიზმის საფრთხეა. ამასთან ერთად ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას არაერთგზის გამოუვლენია უპასუხისმგებლობისა და დამნაშავეობრივი ავანტიურიზმის უმაღლესი საფეხური", _ აცხადებს ნესტერენკო.
მისივე თქმით, ყოველივესთან ერთად ვერავინ ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს და ძალუძს ის, რომ გუანტანამოს ყოფილ პატიმრებზე ჯეროვანი კონტროლი დაამყაროს.
"ამასთან ერთად, ასევე საგულისხმოა საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადება, იმის შესახებ, რომ ეს სუბიექტები ისე იცხოვრებენ, როგორც "ჩვეულებრივი მოქალაქეები", იმიტომ რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და "უბრალოდ თანაუგრძნობდნენ "ალ-ქაიდასა" და თალიბებს", _ აცხადებს ნესტერენკო და დასძენს, რომ "სად არის გარანტია იმისა, რომ ხვალ ამ "უბრალოდ თანამგრძნობთაგან" რომელიმე რუსეთის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდება და არ შევა კონტაქტში ჩრდილო კავკასიაში არსებულ ბანდიტურ იატაკქვეშეთთან?".
"იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჯანსაღად აფასებენ იმ რისკებს, რომლებიც საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გაგზავნის შესახებ მათ გადაწყვეტილებას სდევს თან. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მიიღებენ ყველა ზომას იმისათვის, რომ ამგვარი "სიურპრიზების" მომსწრე არ გავხდეთ", _ აცხადებს ანდრეი ნესტერენკო.
მასალის გამოყენების პირობები