"ლეიბორისტული პარტია" "ყაზტრანსგაზ-თბილისს" მოსახლეობის უსაფუძვლოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ლეიბორისტების" იურიდიული სამსახურის უფროსმა მარი ცუცქირიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ცუცქირიძის თქმით, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს მოსახლეობის მრიცხველები თან მიაქვთ და შემდეგ ყოვლად უსაფუძვლო დასკვნებს აკეთებენ, თითქოს მრიცხველი გახსნილია, ან დაზიანებულია და აბონენტებს 1000-დან 4000 ლარით აჯარიმებენ.
ცუცქირიძის განცხადებით, "ყაზტრანსგაზი" ყოველდღიურად, საშუალოდ, 100 აბონენტს აჯარიმებს.
"მივმართავთ ყაზტრანსგაზის ადმინისტრაციას თავი დაანებონ მოსახლეობის დაყაჩაღებას. ადრე ეს იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა უსაფუძვლოდ ხალხის დაჯარიმება", - განაცხადა ცუცქირიძემ.