ნატახტარის აეროდრომიდან თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ფრენები იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისს, 13.00 საათზე, ნატახტარის აეროდრომზე ოფიციალურად გამოცხადდება რეისის-თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების შესახებ. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე სხვა ოფიციალური პირები.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.
პირველი რეისი მესტიის მიმართულებით 18 ივლისს შესრულდება. ავიარეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გაფრენა 11:00; გამოფრენა 14:00, ბილეთის ღირებულება იქნება 65 ლარი ( ერთი მიმართულებით).
ფრენებს შეასრულებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი", რომელმაც მოიგო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებული ტენდერი და რეისებს განახორციელებს ახალი ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით.
სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია ფრენა ზამთრის პერიოდში.
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ „ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი #11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში;