საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირადად ეწვია საელჩოს. სახელმწიფოს მეთაურმა, აზერბაიჯანელი ხალხისა და მთავრობის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა ქართულ მხარეს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, სადაც აღნიშნა ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებაში.
" დიდი სახელმწიფო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს ღრმა მწუხარებით ვუცხადებ სამძიმარს. ედუარდ შევარდნაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში. ედუარდ შევარდნაძე იყო გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მას უყვარდა თავისი ხალხი და დიდი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის. ამავე დროს, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-აზერბაიჯანის ძმური ურთიერთობების განვითარებისთვის და ის იყო აზერბაიჯანელი ხალხის დიდი მეგობარი. აზერბაიჯანელი ხალხი არ დაივიწყებს ედუარდ შევარდნაძის ნათელ ხსოვნას."- აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამძიმრის ჩანაწერში.
მასალის გამოყენების პირობები