9-11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრისა და აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის კომერციული განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება სემინარი თემაზე „ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებისა და მსოფლიო ვაჭრობის თავისებურებანი".
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე დიპლომატიური თანამდებობის პირები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებიდან ქართველი დიპლომატები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საბაზრო ქვეყნებს.
სემინარზე მიმოხილული იქნება საქართველოს ეკონომიკა და ეკონომიკური რეფორმები; საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის ზოგიერთი სპეციფიკური მიმართულების მაგალითზე ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება. ასევე განხილული იქნება ამჟამინდელი საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები. სემინარის მსვლელობისას მიმოხილული იქნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებები და მათი პრაქტიკული გამოყენება კომერციულ დიპლომატიაში, მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, დავების მოგვარება საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორობის სტრუქტურირება.
მოწვეული ლექტორები და სფეროს ექსპერტები ასევე ისაუბრებენ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკაზე და ორმხრივი სავაჭრო პალატის როლზე სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის ხელშეწყობის საკითხებში. სემინარის ფარგლებში ამერიკელი კოლეგები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას აშშ-ის საგარეო სამსახურის პრაქტიკაზე დაყრდნობითა და ასევე ისაუბრებენ ეკონომიკური ატაშეს როლზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში.
აღნიშნული სემინარი უკვე მეორე წელიატარდება. 2013 წელს ჩატარებული სემინარისა და ვაშინგტონში კონსულატაციების საფუძველზე, 2014 წელს მომზადდა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური დიპლომატიის სახელმძღვანელო, რომლის პრეზენტაცია გაიმართება 9 ივლისს სამინარის გახსნისას.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.