9 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.
თეატრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „მფარველთა საბჭოს" პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საბჭოს თავმჯდომარე, ქართველი ვარსკვლავი ბადრი მაისურაძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გამართავენ.
„მფარველთა საბჭო" მსოფლიოს ცნობილ თეატრებში გავრცელებული პრაქტიკაა. ეს არის ქმედითი და მრავალფუნქციური ორგანო, რომლის წევრები თეატრს დაეხმარებიან სწორი მენეჯმენტის წარმოება-განვითარებაში, საერთაშორისო ავტორიტეტის გამყარებაში, საერთაშორისო ხარისხის საოპერო და საბალეტო პროდუქციის შექმნაში, გასტროლების დაგეგმვასა და განხორციელებაში და მრავალი ისეთი ლოკალური თუ გლობალური საკითხის მოგვარებაში, რომელიც ესოდენ აუცილებელია, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თეატრის მომავლისთვის.
„მფარველთა საბჭოს" შემადგენლობაში ასევე არიან გამოჩენილი ქართველი მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ცნობილი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი (Vlaamse Opera (ბელგია) მთავარი დირიჟორი). სებასტიან შვარცი (Theater an Der Wien-ის (ავსტრია) სამხატვრო ადმინისტრაციისა და კასტინგის ხელმძღვანელი), ბრუნო ვაილი (Tafelmusik (აშშ) მთავარი მიწვეული დირიჟორი, Carmel Bach Festival (აშშ) მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალ "Klang und Raum"-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემიის პროფესორი).
ჟურნალისტები ასევე მიიღებენ ინფორმაციას ოპერის თეატრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფინალური ეტაპის შესახებ.
(შესვლა იწარმოებს რუსთაველის პროსპექტისა და რ. ლაღიძის ქუჩის კუთხიდან)