საქართველოში შესაძლოა ხორბალი გაძვირდეს, რისი მიზეზიც ადგილობრივი წარმოების შემცირებაა. როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე განმარტავს, წელს მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხორბლის ადგილობრივი წარმოება მკვეთრადაა შემცირებული.
„წელს ხორბლის ცუდი მოსავალია. შემოდგომიდან ნალექი არ იყო, შემდეგ იყო ყინვები. ძალიან რთული სიტუაციაა კახეთში, მაშინ როდესაც ფერმერს 1 ჰექტრიდან 3-4 ტონა მოსავალი უნდა მიეღო, წელს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან 300-400 კილოგრამი ხორბალი იყო. ანუ იმდენად მცირე იყო მოსავალი, რომ ფერმერებს ნაკვეთებში კომბაინებიც არ შეყავდათ.
შედარებით კარგი სიტუაციაა ქართლში, თუმცა არც იქაა სახარბიელო ვითარება. ვვარაუდობთ, რომ ქართლში 1 ჰექტრიდან 1 ტონიდან 2 ტონამდე მოსავალს აიღებენ"- აცხადებს ნინო ზამბახიძე.
მისივე განმარტებით, 2013 წლისთვის 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი იყო პროგნოზირებული, თუმცა რეალურად 80 ათას ტონამდე ხორბლის დაბინავება მოხერხდა.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს უჭირს იმის თქმა, თუ ხორბლის რა მოცულობის მოსავალს აიღებენ ფერმერები, თუმცა განმარტავს, რომ 2014 წლის მოსავალი 2013 წლის მოსავალთან შედარებით საკმაოდ მცირე იქნება.
რაც შეეხება ფასს, ნინო ზამბახიძის განმარტებით, ხორბლის ფასი საქართველოში დამოკიდებული იქნება იმ ბაზრებზე არსებულ მოსავალზე, საიდანაც საქართველოს ხორბლის იმპორტს ეწევა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკუთარი სასურსათოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის წლის განმავლობაში 700 ათასიდან 800 ათას ტონამდე ხორბალი ესაჭიროება, საიდანაც ადგილობრივი წარმოების წილი 12-13 %-ია.