საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამის დასრულება მიულოცა. საუკეთესო თეზისის ერთ-ერთ ავტორს ხატია ბარბაქაძეს სპეციალური სერთიფიკატი და ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა გადასცა.
„მინდა მივულოცო ყველა სტუდენტს დღევანდელი დღე. ISET-ი ნადმვილად არის ეკონომიკური პროფილის სასწავლებლებს შორის ყველაზე საუკეთესო. საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია ამ სტუდენტების და ახალგაზრდების. შემიძლია ვთქვა, რომ თუ განათლების იგივე დონე და ხარისხი შენარჩუნდება, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 37-მა სტუდენტმა მიიღო.