საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ელჩების დამტკიცების პროცედურა პარლამენტში ელჩების კანდიდატების არყოფნის გამო გადაიდო. ამის გამო კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარალმენტის საყვედური დაიმსახურა.
ელჩების კანდიდატურები პარლამენტში საქართველოს საელჩოებში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო შევიდა. კერძოდ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს დაემატა ანდორის სათავადო და შესაბამისად ესპანეთში ამჟამინდელი ელჩი ესპანეთსა და ანდორას სათავადოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იქნება. ამასთან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაემატა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის დაფარვაც. დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს მისიას კი დაემატა ისლანდიის რესპუბლიკის დაფარვაც.
ელჩები პარლამენტის დღევანდელ სესიაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ელჩების კანდიდატების არყოფნის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი საგარეო უწყებას პარლამენტისადმი პატივისცემის აუცილებლობა შეახსენა და როგორც განაცხადა, “თუ ელჩების კანდიდატურები სხდომაზე ვერ მივლენ მაშინ საგარეო უწყებამ კეთილი უნდა ინებოს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციაც მიაწოდოს”.
პარალმენტის თამჯდომარემ საყვედური გამოთქვა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი და ისიც განაცხადა რომ პარლამენტისადმი პატივცემულობის გამოხატულობის აუცილებლობა ხშირად მთელს აღმასრულებელ ხელისუფლებას სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები