7 ივლისს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, მოწვეული სტუმრები.
კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა ოფიციალურ რჩეულთა შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. გიორგი ოვაშილის „სიმინდის კუნძულის" მსოფლიო პრემიერა 9 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება და მსოფლიოს სხვა 11 ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის „ბროლის გლობუსისთვის" იბრძოლებს.
ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები" ნაჩვენები იქნება ფესტივალის მნიშვნელოვან სექციაში „Europe Now". ეს განყოფილება ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორების საუკეთესო ფილმების ათეულს წარმოაჩენს. ლევან კოღუაშვილი ასევე იქნება ჟიურის წევრი სექციაში "East of the West", რომელშიც 2011 წელს ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მარილივით თეთრი" იყო წარმოდგენილი.
წლევანდელ ფესტივალზევე, სექციაში „Work in Progress" წარმოდგენილი იქნება რუსუდან პირველის პროექტი "ძილის გაკვეთილები". ფილმი ამჟამად პოსტპროდუქციის პროცესშია.
კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალს ფილმის ავტორებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე. ქართულ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მსახიობები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები. 9 ივლისს გიორგი ოვაშვილის ფილმის პრემიერის შემდეგ ქართული მხარე წვეულებას გამართავს, სადაც როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოინდუსტრიის წამომადგენლები მოიყრიან თავს.
კარლოვი ვარის ფესტივალი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კინოპლათფორმას წარმოადგენს. ფესტივალი სათავეს 1946 წლიდან იღებს და უკვე 49 წელია სხვადასხვა კატეგორიაში საუკთესო ფილმებს ავლენს.
ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. წელს ფესტივალს საპატიო სტუმარის სტატუსით მელ გიბსონი ეწვევა, რომელსაც კინოში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის ჯილდო გადაეცემა. ფესტივალს ასევე დაესწრება გამოჩენილი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი, რომელიც უკვე მესამედ წარდგება რეჟისორის ამპლუაში და მის ახალ ფილმს „Obsessive Rhythms" წარმოადგენს. ფესტივალის ერთ-ერთი სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ლაურა დერნიც, რომელიც დამსწრე საზოგადოებას დევიდ ლინჩის საკულტო ფილმს „Wild at heart" გაახსენებს.
წლების განმავლობში ფესტივალს სტუმრობდნენ კინოინდუსტრიის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები როგორიც არიან: ბერნარდო ბერტოლუჩი, ჯულიეტა მაზინა, მონიკა ვიტი, დენი დე ვიტო, რობერტ დე ნირო, ფანი არდანი, ოლივერ სთოუნი, ჯონ ტრავოლტა და ა.შ.
ყოველწლიურად კარლოვი ვარის ფესტივალს 850-მდე დისტრიბუტორი, გაყიდვების მენეჯერი თუ პროდიუსერი ესწრება, 700-მდე ჟურნალისტი სპეციალურად ამ ღონისძიების გასაშუქებლად ჩადის ჩეხეთში, ასობით რეჟისორი, მსახიობი თუ პროდიუსერი პირადად წარადგენს საკუთარ ნამუშევარს დამსწრე საზოგადოების წინაშე, ყოველწლიურად იყიდება 120.000-მდე ბილეთი.
ფესტივალი რამდენიმე სექციისგან შედგება, სადაც ყოველწლიურად წარმოდგენილია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩეული 200 ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან, იმართება 70 მათგანის მსოფლიო პრემიერა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთავარ საკონკურსო სექციას, სადაც უახლესი ფილმების პირველი ჩვენება იმართება. სექცია „East of the West-Competiton" წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, თურქეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მხატვრულ ფილმებს. საინფრომაციო პროგრამებში წარმოდგენილია საუკეთესო თანამედროვე კინემატოგრაფიის ნიმუშები. ფესტივალი მოიცავს კიდევ ორ საკონკურსო სექციას „Forum of Independence-Competiotion" (დამოუკიდებლობის ფორუმი-კონკურსი) "Documentary Films - Competition" (დოკუმენტური ფილმების კონკურსი). ფესტივალის ფარგლებში იმართება უამრავი შეხვედრა და მასტერკლასი რეჟისორებთან, მსახიობებთან, პროდიუსერებთან.
კარლოვი ვარის ფესტივალის კონცეფცია გამომდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის გზაჯვარედინს წარმოადგენს. ფესტივალი ყოველწლიურად წარმოადგენს ადგილობრივ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინოპროდუქციას მსოფლიოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისა და მსოფლიო მედიის წინაშე. გამორჩეული პროგრამის, ხარისხისა და უნიკალური ატმოსფეროს დამსახურებით ფესტივალი იქცა ყოველწლიურ მნიშვნელოვან ღონისძიებად მყიდველების, დისტრუბუტრების, ფესტივალების ორგანიზატორების, ჟურნალისტების, რეჟისორებისა თუ ზოგადად კინოინდუსტრიის წარმომადგენელთათვის.