აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, აფხაზეთიდან დევნილებს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე, მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა, სადაც 4000-მდე დევნილია რეგისტრირებული. სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ფოთში ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
"მალთაყვის დასახლებაში ჩასახლებულია 3000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც აქ წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდანაც კი გადმოსახლდნენ. სამი წელია უკვე აქ ცხოვრობენ. მათი თხოვნა იყო, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო სწრაფად და ორგანიზებულად დღევანდელი დღისთვის მობილიზება. აქციის ჩატარებაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებმა გაგვიწიეს დახმარება. ასეთებია: "ფარმადეპო," "სახალხო აფთიაქი", "ავერსი" და სხვები. დიდი დახმარება გაგვიწია ღუდუშაურის ცენტრმა, დვალის კლინიკამ, კლინიკა "ლანცეტმა". მოსახლეობა კმაყოფილია, ეს კი ძალიან მახარებს. უამრავმა დევნილმა ჩაიტარა გამოკვლევა. შესაძლებლობის ფარგლებში უფასო წამლებიც დარიგდა, თუმცა ყველას ვერ გასწვდა. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტრო იზრუნებს. სპეციფიკურ და უფასო წამლებზე დევნილები ჩვენთან დადგებიან აღრიცხვაზე. ორ კვირაში კი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ეს წამლები ადგილზე გამოიგზავნება და აქვე დარიგდება. დღევანდელი დღე ჯანდაცვის სამინისტროსათვის არის რიგითი სამუშაო დღე, ჩვენი დევნილებისთვის კი არც ისე ჩვეულებრივი, რადგან ამ აქციას დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, გამოკვლევების დროს მოხდა ახალი შემთხვევების აღმოჩენა. მისი თქმით, დევნილთა უფასო გამოკვლევები სხვა რეგიონებში კვლავაც გაგრძელდება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცის" ორგანიზებით, სამედიცინო აქცია გურჯაანშიც გაიმართა. გამოკვლევები გურჯაანის ქართულ-ფრანგულ კლინიკაში მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, გუშინ ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხაში ბუგლარეთიდან დაბრუნებულ ხელოვან ბავშვებს შეხვდა, რომელთა შორის 20 დევნილია. საერთაშორისო ფესტივალი "მორსკა პერლა" ბულგარეთის ქალაქ ახელოიში 25 ივნისიდან 4 ივლისამდე მიმდინარეობდა. მასში 9 ქვეყნის მოზარდებთან ერთად ქართველმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურად ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან 40-ზე მეტი ბავშვი, მათ შორის 20 დევნილი მოზარდი გაემგზავრა. მოზარდები ბულგარეთში წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას მხარდაჭერით გაემგზავრნენ. ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვებს წარმატება მიულოცა და მათთვის გაწეული დახმარებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ლეონტი ქუხილავას ესტუმრნენ, რომელსაც გასულ წელს 80 წელი შეუსრულდა. იგი სოხუმის დაცემის ბოლო წუთებამდე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ქუხილავამ "შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ახალგაზრდების ღირსეულ აღზრდას დაუთმო". სტუმრებმა პედაგოგს სასაჩუქრე კალათი და აფხაზეთის მთავრობის მადლობის წერილი გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები