სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ქართველი მწერლის. რევაზ ინანიშვილის სახლი ნანგრევებად იქცა.
დღეს, 5 ივლისს, დილიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის დანგრეული სახლის მოსანახულებლად გაემგზავრა.
მინისტრს ადგილზე სახლის ნაცვლად, ფაქტობრივად, ნასახლარი დახვდა.
გურამ ოდიშარია: „რეზო ინანიშვილი უდიდესი ფიგურა არის ქართველი ერისთვის. ამ სახლის ისტორია ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ბატონი რეზოსთვის, ისე - ყოველი ჩვენგანისთვის.
ჩვენ - კულტურის სამინისტროს შეგვიძლია, წყაროებზე - სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით პირვანდელი სახით ნახაზზე აღვადგინოთ და დავაპროექტოთ სახლი, სადაც ბატონი რეზო ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა უწყებას, ჩემს კოლეგებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, თავად სოფელს, ვიმსჯელოდ, თითოეულს რისი გაკეთბა შეგვიძლია რეზო ინანიშვილის სახლის აღსადგენად, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია".
კულტურის სამინისტრო დაუკავშირდა თბილისში მყოფ რევაზ ინანიშვილის მეუღლეს, როზა ინანიშვილს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციის გამო გაოცება ვერ დაჰფარა.
როზა ინანიშვილი: „ეს სახლი ახლა კი არა, 1990-იან წლების ბოლოს დაინგრა. იმხანად საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. მაშინ სახლის აღსადგენად სახელმწიფომ თანხა გამოჰყო, სამშენებლო მასალაც მოიტანეს და მუშაობაც დაიწყეს, მაგრამ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაფერი შეჩერდა. ვის აღარ მივაკითხე - ადგილობრივ ხელისუფლებას თუ იმჟამინდელ მინისტრს - გოკა გაბაშვილს, შემდეგ - ნიკა ვაჩეიშვილს... მოკლედ, 9 წლის განმავლობაში ყურადღება არავინ მომაქცია.
ძალიან მიხარია, ახლანდელი კულტურის მინისტრი რომ დაინტერესდა რეზოს სახლ-მუზეუმის აღდგენით და ხაშმშიც ჩავიდა. მე იმ სახლის ფოტოებიც მაქვს და ყველა მასალას მივაწვდი მინისტრს. იმედი ჩამესახა, რომ ახლა მაინც აღადგენენ სახლს".