4 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ქართული ნაციონალური ბალეტის" - „სუხიშვილების" ხელმძღვანელების, ილიკო და ნინო სუხიშვილების მიწვევით ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო.
2015 წელი „სუხიშვილების" საიუბილეო წელია - ანსამბლს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. მინისტრის ინიციატივაა, 2015 წელი „სუხიშვილების" წლად გამოცხადდეს და ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ღირსეულად აღნიშვნის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმოს.
„ქართული ნაციონალური ბალეტი" - ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები" 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა და რამდენიმე წელიწადში „აკადემიური ანსამბლის" სტატუსიც მიენიჭა. მას მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში უამრავი წარმოდგენა აქვს გამართული.
ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ინოვაციური - ე.წ. „მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან მიახლოებული რეფორმა განახორციელა, თუმცა თავისი არსითა და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა - ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, ხოლო დირექტორი - ნინო სუხიშვილი გახლავთ.