უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით, რვა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის ახალ ტალღას ამზადებს. ყოველივე ამის განხორციელება სექტემბერ-ოქტომბერშია დაგეგმილი. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი შეეცდება სიტუაციის დესტაბილიზებას ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, დნეპროეტროვსკის, ზაპოროჟის, ხერსონის, ნიკოლაევსკისა და ოდესის რეგიონებში. ყველაზე მეტად, რუსეთი ოდესის რეგიონით არის დაინტერესებული - ეს სახმელეთო საზღვარია დნესტრისპირეთისკენ.
„პუტინს სჭირდება არა ყირიმი ან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილი არამედ მას სჭირდება მთელი უკრაინა",_ განაცხადა პარუბიიმ და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციისათვის გამოყენებული იქნება სოციალური დაძაბულობა, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული რეფორმების გატარების შედეგად წარმოიქმნას.