4 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ქართული ნაციონალური ბალეტის" - „სუხიშვილების" ხელმძღვანელების, ილიკო და ნინო სუხიშვილების მიწვევით ანსამბლის რეპეტიციას დაესწრება. მინისტრი მოინახულებს დარბაზს, სადაც მოცეკვავეები ყოველდღიურ რეპეტიციას გადიან. დარბაზი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. 2015 წელი „სუხიშვილების" საიუბილეო წელია - მას დაარსებიდან 70 წელიწადი უსრულდება.
„ქართული ნაციონალური ბალეტი" - ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები" 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა და რამდენიმე წელიწადში „აკადემიური ანსამბლის" სტატუსიც მიენიჭა. მას მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში უამრავი წარმოდგენა აქვს გამართული.
ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ინოვაციური - ე.წ. „მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან მიახლოებული რეფორმა განახორციელა, თუმცა თავისი არსითა და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა - ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, ხოლო დირექტორი - ნინო სუხიშვილი გახლავთ.