3 ივლისს, კულტურის სამინისტროში ცნობილი ქართველი მხატვრის, აპოლონ ქუთათელაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნი-ალბომის „აპოლონ ქუთათელაძე" პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით გამოიცა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების 90-ე წლისთავს ეძღვნება.
272-გვერდიანი წიგნი სრულად მოიცავს ცნობილი ქართველი მხატვრის ცხოვრებას.. ასახავს როგორც მის ბავშვობასა და ახალგაზრდობას, ასევე შემოქმედებით ცხოვრებას, პედაგოგიურ მოღვაწეობას, სამხატვრო აკადემიაში და ზოგადად საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში შეტანილ წვლილს.
პროექტის ავტორია აპოლონ ქუთათელაძის შვილი, მხატვარი ტარიელ ქუთათელაძე. ალბომში აკადემიის ფოტოგრაფის - ლევონ საფრაზიანისა და თავად აპოლონ ქუთათელაძის საოჯახო არქივების ფოტომასალაა გამოყენებული.
განსაკუთრებულია აპოლონ ქუთათელაძის წვლილი საქართველოს თბილისის სამხატვრო აკადემიის გადარჩენის, აღორძინებისა და განვითარების საქმეში, რომელსაც 16 წლის მანძილზე უძღვებოდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ პროცესში, რაც საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში ხდებოდა; ცნობილი პედაგოგი ახალგაზრდა ფერმწერთა არაერთი თაობის აღმზრდელი გახლდათ.
აპოლონ ქუთათელაძე: „თავის საქმეზე შეყვარებული მხატვარი არასოდეს იქნება უფერული და მოსაწყენი ხელოვნებაში. როდესაც ხელოვნება გულიდან მოდის, იბადება აზრის სიღრმე და გაბედულება, ცხოვრების ხალასი შეგრძნება, გულწრფელობა, მღელვარება; აქედანაა ნამდვილი სიახლეცა და ორიგინალობაც. გულისხმიერნი უნდა ვიყოთ ყოველივე ახლისადმი, თნდაც ის არ ჰგავდეს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ..."
ღონისძიებაზე, აპოლონ ქუთათელაძის ვაჟს ტარიელ ქუთათელაძეს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.
პრეზენტაციას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მოწვეული სტუმრები.