კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხი არ განხილულა. როგორც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი იმ შეხვედრებზე, რომელიც მისი მონაწილეობით იმართება, არ დამდგარა.
„ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში ეს თემა განხილილი არ ყოფილა. ვკითხე ჩემს კოლეგებს და ისინიც არ არიან საქმის კურში.
რუსეთს ნებართვა არ სჭირდება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რაიმე ააშენოს, მაგრამ ის, რომ ეს იყოს ორმხრივი პროექტი, ამაზე საუბარი არ ყოფილა"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თუმც სამომავლოდ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ თემაზე რუსეთის წარმომადგენლებთან საუბარი შედგეს.
„თავისთავად ის, რომ გზის მონაკვეთი შენდება მაინცადამაინც საფრთხეებზე რატომ უნდა ვიფიქროთ?! პესპექტივაში საკითხი სამომავლოდ შესაძლოა იყოს განხილული, მაგრამ დღემდე განხილული არ ყოფილა"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
შეგახსენებთ, რომ მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის, საკუთარი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
კარასინ-აბაშიძის შეხვედრა 9 ივლისს პრაღაში შედგება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი 30 ივნისს შედგა.
„შევთანხმდით, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში ჩვენი მორიგი შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს პრაღაში.
დავადასტურეთ, რომ აღნიშნული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 ივლისს, ასევე პრაღაში, შედგება საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განხილული იქნება 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგები და საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მხრიდან 2-3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი.