2 ივლისს, „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის VI საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წელს მაყურებელი საქართველოს სახელმწიფო და დამოუკიდებელი თეატრების 40 სპექტაკლს, კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან კი თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრების სპექტაკლებს იხილავს.
ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების დასაგეგმად სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ. ფესტივალზე მოეწყობა სემინარები, უორქშოფები და შეხვედრები.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით დაარსდა.
5 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 77 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვეცია, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი.