,,ნაცმოძრაობა" ხელისუფლების წევრებსა და კრიმინალური სამყაროს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს. Pროგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემუშავებულია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი სისტემა: საქართველოს შსს რეგულარულად ახდენს სხვადასხვა ქვეყანაში (ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში) დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში დეპორტაცია-ექსტრადიციის ინიცირებას. რეალურად, საქართველოს შსს ხელშეწყობით არ ხდება მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის ნაცვლად, ხდება მათი გადამისამართება თურქეთში. ამავდროულად, თურქეთში გადაფრენამდე, თბილისის აეროპორტში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების წრეში რამდენიმე საათიანი ქეიფის და დროსტარებისა. გამონაკლის შემთხვევებში ხდება ამ პირების საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთის დაფიქსირების გარეშე რამდენიმე დღით შემოყვანა და შემდეგ ისევ თურქეთში გამგზავრება.კრიმინალებს ეს სიამოვნება 50 000 ათასი აშშ დოლარი უჯდებათ. ჩვენი ინფორმაციით, აეროპორტში „მომსახურებას" შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო კურირებს. ამის შემდეგ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ჩადიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ავტორიტეტებს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მაყურებელთა ჩანერგვის მეშვეობით, ციხეებზე კონტროლის განხორციელებაში დახმარებას სთხოვენ", _განაცხადა თარგამაძემ.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავთა და კრიმინალის ამგვარი ურთიერთთანამშრომლობა იწვევს კრიმინალური მდგომარეობის უკიდურეს დამძიმებას, სრულ დაუსჯელობას.
,,მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას", _აცხადებს თარგამაძე.