10 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის - „მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნული პროექტი 7-საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ საზოგადოების მონაწილეობით მინიატურებით გაფორმებული სახარების შექმნას ისახავს მიზნად.
ქართული მინიატურული მხატვრობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სახარების მხატვრულ გაფორმებას უჭირავს. ყველაზე უხვად ილუსტრირებული ნიმუშები XII-XIII საუკუნეებში იქმნება (ჯრუჭის II სახარება, გელათის სახარება). თითოეულ ხელნაწერში 300-მდე მინიატურაა. უკანასკნელი უხვად ილუსტრირებული ოთხთავი 1300 წლით დათარიღებული მოქვის სახარებაა. მომდევნო ასწლეულებში სახარების გაფორმების ტრადიცია იცვლება და მრავალრიცხოვანი მინიატურებით გაფორმებული ხელნაწერის ეს ტიპი აღარ გვხვდება.
დღეს, XXI საუკუნეში, საზოგადოების თანადგომით საშუალება გვაქვს აღვადგინოთ ეს უძველესი ტრადიცია და კვლავ შევქმნათ ილუსტრირებული სახარება.
პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრაზე გამოიფინება ხატმწერისა და მინიატიურისტის - ირაკლი ცინცაძის მიერ ძველი ტექნოლოგიით შესრულებული სახარებისეული მინიატურები. გამოფენის შემდეგ საზოგადოების წევრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ მათთვის სასურველი სახარებისეული სცენა და ამით გახდნენ ამ საუკუნის პროექტის თანამონაწილე (სულ განზრახულია 150 მინიატურის შექმნა).
შედეგად, მინიატურების ციფრული ასლების საფუძველზე, მომზადდება და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა მდიდრულად დასურათებული სახარება.
კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ვიწვევთ, რათა ერთად აღვადგინოთ 7-საუკუნოვანი წყვეტა და ერთად გამოვცეთ საქართველოს ისტორიაში პირველი, თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებული ბეჭდური სახარება! თქვენ გაქვთ უნიკალური საშუალება, გახდეთ იმ მინიატურის მფლობელი, რომლითაც დასურათდება საუკუნის გამოცემა!
ღონისძიება უწმინდესის ილია II-ის მხარდაჭერით გაიმართება.