საპარლამენტო უმრავლესობისათვის გაუგებარია "ქრისტიან- დემოკრატების" მოთხოვნა თბილისი-მოსკოვის პირდაპირი ავიარეისის აღდგენასთან დაკავშირებით და ამ მოხოვნას "ქრისტიან-დემოკრატების პოლიტიკიდან ამოვარდნილად" აფასებენ.
ასეთი შეფასებები უმრავლესობის წარმომადგენლების მიხეილ მაჭავარიანის და აკაკი მინაშვილის მხრიდან დღეს სესიაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც "ქრისტიან-დემოკატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა ხელისუფლებისგან მოითხოვა, რომ დაიწყოს მუშაობა და სააღდგომოდ მაინც მოახერხოს თბილისი-მოსკოვის პირდაპირი ავიარეისის აღდგენა.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, პირდაპირი რეისით ფრენა ქართველი მხარის მიერ შეწყვეტილი არ არის და მისთვის გაუგებარია ამას ხელისუფლებას რატომ სთხოვენ. ამასთან, იგი "ქრისტიან- დემოკრატებს" ახსენებს მათ პოზიციას ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ "მაშინ, როდესაც ლარსის გახსნას აპროტესტებ და ქვეყნისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევ გაუგებარია რა მოტივით და ლოგიკით ითხოვ ავიარეისების აღდგენას", - აცახდებს აკაკი მინაშვილი.
პარალმენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არჩევანი აქვს იმისა, რომ იფრინოს რუსეთში დისკომფორტით ან დათანხმდეს მოსკოვიდან საქართველოში სამი საერთაშორისო რეისის განხორციელებას.
"თქვენ თუ თანახმა ხართ იმაზე რომ სამი საერთაშორისო რეისი განხორციელდეს მოსკოვი-სოხუმი; მოსკოვი-ცხინვალი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით არ ვიცი, მაგრამ მე პირადად თანახმა არ ვარ და დარწმუნებული ვარ არც ჩვენი მოსახლეობაა ამაზე თანახმა", - აცხადებს მაჭავარიანი და გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ასეთი პოზიცია იმ პოლიტკური ძალისგან არის გაუგებარი, რომელიც საერთაშორისო ვიზიტების დროს მუდმივად სახელმწიფოებრივ პოზიციას აფიქსირებს.
უმრავლესობის ამ კრიტიკას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკური ძალა ითხოვს არა იმას რომ "წერილი გაუგზავნოთ პუტინს სხდომათა დარბაზიდან" არამედ იმას, რომ ამ საკითხზეც იგივე მეთოდებით და საშუალებებით გაიმართოს მოლაპარაკება, როგორც გაიმართა ლარსის გახსნასთან დაკავშირებით.
უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია კი აცახდებს, რომ ავიარეისებთან დაკავშირებით სამშაბათს 30 მარტს პარალმენტში დაგეგმილია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომა, სადაც ყველა საითხს განიხილავენ სპეციალისტებთან ერთად. მატ შორის სოხუმში რუსეთის მიერ აეროპორტის გახსნის საკითხს და ქრისტიან დემოკრატებს მოუწოდებს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებითაც ამ შეხვედრაზე იმსჯელონ.