თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონზე დავით თორაძის „გორდას" აღდგენას გეგმავს.
პროექტის პრეზენტაცია 2 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დასის პედაგოგ-რეპეტიტორები, აგრეთვე კოსტუმებისა და დეკორაციების მხატვრები დაესწრებიან.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის ბალეტი „გორდა" ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. სპექტაკლში მთავარ როლს ლეგენდური მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა" ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. ის ბოლოს 1996 წელს აღადგინა ზურაბ კიკალეიშვილმა.
ამჯერად, „გორდას" აღდგენა თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ინიციატივაა და თვითონვე უხელმძღვანელებს. ბალეტის ახალ რედაქციაზე იმუშავებენ საბალეტო დასის პედაგოგი-რეპეტიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი ლილიანა მითაიშვილი, დასის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და საბალეტო დასის პედაგოგები.
„გორდას" აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დეკორაციებს მხატვარი დავით მონავარდისაშვილი შექმნის, კოსტიუმებს კი - ანა კალატოზიშვილი. „გორდას" აღდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი დავით მუქერია.
ბალეტ „გორდას" პრემიერა 2014 წლის დეკემბერში გაიმართება.