ირაკლი ალასანია ხელისუფლებას მისი პარტიის აქტივისტების დაშინებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან პირობებში ჩატარდება, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.
როგორც "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაშია ნათქვამი, ადგილი ჰქონდა პარტიის ორი აქტივისტის გურამ ავსაჯანიშვილისა და რევაზ ჭანტურიას დაშინების ფაქტს, რის გამოძიებასაც ალასანიას გუნდი
სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს.
"ბოლო ხანს, ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების – "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ახორციელებენ ანტისამართლებრივ და უკანონო ქმედებებს "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტების მიმართ. სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ჩვენი აქტივისტების დაშინება და ტერორი. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან პირობებში ჩატარდება, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება... ჩვენი პარტიის აქტივისტებს გურამ ავსაჯანიშვილს და რევაზ ჭანტურიას სისტემატიურად უკავშირდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით და მისგან "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისგან" გამიჯვნას ითხოვდნენ... წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ შეექმნებოდათ სერიოზული პრობლემები – პირდაპირ დაემუქრნენ ფიზიკური განადგურებით", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ირაკლი ალასანიას გუნდი მიმართავს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, "დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული დანაშაული და საზოგადოებას აცნობონ იმ კრიმინალური ქმედების ყველა დეტალი, რომელიც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, მიმართულია საზოგადოების დაშინების და დატერორებისკენ".
"წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებაში დეკისრება ხელისუფლებას და ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანობას და დემოკრატიულობას", -აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები