მსოფლიოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები სამი ახალგაზრდა ებრაელის მკვლელობის გამო ისრაელს თანაუგრძნობენ. ახალგაზრდების ცხედრები ხევრონთან ახლოს იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალგაზრდების მკვლელობას „ძალადობის უაზრო აქტი" უწოდა და მოუწოდა ისრაელს და პალესტინას რეგიონში ისედაც მყიფე მშვიდობა არ დაძაბონ. რომის პაპმა ამ დანაშაულს „შემზარავი დანაშაული", გაეროს გენერალურმა მდივანმა კი მკვლელებს „მსოფლიო მტრები" უწოდა.
ისრაელში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდების გატაცებაში ბრალი ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასს" მიუძღვის. პალესტინელები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
სამი დაკარგული ახალგაზრდის ძებნის ოპერაციას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან დაკარგული სამი ახალგაზრდის ცხედარი ხევრონთან ახლოს ორმოში იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა.
გარდაცვლილთაგან ორი 16 წლის იყო, მესამე კი 19 წლის.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მთავარი ეჭვმიტანილები ამ საქმეში მარვან კავასმეხი და აბუ აიშეხი არიან, რომლებიც მისივე თქმით, დაჯგუფება „ჰამასს" ეკუთვნიან.