თბილისის ისტორიის მუზეუმში დებიუტანტი მხატვრის თეო კოხოძის გამოფენა ,,სადგური" გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოცამდე დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი. თეო კოხოძემ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც გაიარა ოსტატობის კურსები. ის თანამედროვე მხატვრობის ახალი თაობის წარმომადგენელია, გამორჩეული ინდივიდუალიზმითა და ფერწერის ღრმა ცოდნით.
პროექტი ,,სადგური" თემატურად მხატვრის ბიოგრაფიას ეხმიანება, რომელიც როგორც თავად ავტორი თვლის, ცოტათი ეშმაკის ბორბალს წააგავს: სწორედ ასეთ ასოციაციას ბადებს მასში ვაგონის ბორბლები, მატარებლები, სადგურები. გარდა იმისა რომ ყოველივე ეს ექსპრესიულია თავისი ემოციური განწყობითა და არსით, ამასთანავე ფატალური ნიშნებიც ახასიათებს. ნახატებზე გამოსახული სადგურები საქართველოსა და გერმანიაში, ამ ფორმისეული გადაწყვეტის სრულიად განსხვავებულ სახეს გვთავაზობს. სადგურს ამ პროექტში სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და ავტორის ნააზრევს ასახავს.
გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს დებიუტანტი მხატვარი, რომელიც ახლებურად ხედავს თანამედროვე სამყაროს და სინამდვილეს.