30 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის - „ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივები ფოლკლორულ კონცერტს გამართავენ.
ონის ახალგაზრდული კოლექტივები ჩხოროწყუს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. 29 ივნისს სტუმრებმა ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და ასევე, სოფელ მუხურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოინახულეს.
პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ინიციატივით, „რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება. ამ ინიციატივის მიზანი რეგიონებში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების დამეგობრებაა. მათ საშუალება ეძლევათ, მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გაეცნონ მის კულტურულ მემკვიდრეობას, თანატოლების შემოქმედებას და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარონ.
პროექტში უკვე ჩართულია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტი.
წლის ბოლომდე პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის" საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები