30 ივნისს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამოავლენენ საუკეთესო თანამედროვე ქართულ საოპერო ნაწარმოებებს, რომლის კონკურსიც ფონდმა „საქართველოს ნაციონალური ოპერა" 2013 წლის ზაფხულში გამოაცხადა.
კულტურის სამინისტრო საქართველოში საოპერო ჟანრის განვითარების მიზნით, მეორე ადგილზე გასულ ავტორს, დაუკვეთავს ახალ ქართულ ოპერას.
კონკურსის პირობების თანახმად, საოპერო ნაწარმოების ავტორი აუცილებლად 35 წლამდე და საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ხოლო ორკესტრი 14 მუსიკოს-შემსრულებლისგან უნდა შედგებოდეს. ყველა კონკურსანტი ვალდებული იყო სადირიჟორო პარტიტურა, საორკესტრო პარტიები, კლავირი მომღერლებისათის და ლიბერტო (ლიბრეტო უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს) 2013 წლის 23 ოქტომბრამდე წარედგინა ფონდში.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა კომპოზიტორმა გამოთქვა:
• ოპერა "ოჯახის თავი", კომპოზიტორი ნიკა ფასური, ლიბრეტო დავით გაბუნია;
• ოპერა "SOS" კომპოზიტორი და ლიბრეტოს ავტორი ლევან მიზანდარი;
• ოპერა "ერთხელ" კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების "ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა"-ს მიხედვით; (სანრდო 13 წლისაა);
• ოპერა "ფიდაი" კომპოზიტორი თენგიზ ნოზაძე, ლიბრეტო თეონა დოლენჯაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
საეროთაშორისო ფონდი „საქართველოს ნაციონალური ოპერა" 2010 წელს რეჟისორისა და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის ინიციატივით დაფუძნდა.