ხვალ, 27 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გამართავს.
28 მარტს კი, აუდრონიუს აჟუბალისი ქალაქ გორს ეწვევა. დაგეგმილია საველე გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად.
29 მარტს, 10:35 სთ-ზე აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
11:00 სთ-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება შეხვედრა საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგ, 12:00 სთ-ზე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
17:00 სთ-ზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს მოინახულებს.
აუდრონიუს აჟუბალისი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.