დღეს, 26 მარტს, პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას დაიწყებს.
სესია 11:00 საათზეა ჩანიშნული.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროეტი ამჯერად იმ პირებს ეხებათ, რომელთაც 2003-2004 სასწავლო წლების განმავლობაში გაყალბებული ატესტატით ისარგებლეს.
კანონპროექტის თანახმად, შესაბამის პირებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ.
გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზევე დამტკიცდება საზღვარგარეთ საქართველოს რამდენიმე საელჩოს დაფარვის არეალის გაფართოებისა და შესაბამისად, ელჩებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც.
როგორც ცნობილია, საქართველოს საელჩოებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ესპანეთში საქართველოს საელჩოს ანდორის სათავადო დაემატა. ესპანეთსა და მასთან ერთად უკვე ანდორაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში მოქმედი ელჩი ნიკოლოზ ნათბილაძე იქნება. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა დიპლომატიულ უფლებამოსილებას პაკისტანშიც განახორციელებს. ცვლილება განხორციელდა ასევე დანიისა და ნორვეგიის სამეფოს ქართულ მისიაში და მას ისლანდიის რესპუბლიკის დაფარვა დაემატა. აქაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას დავით კერესელიძე განაგრძობს, რომელსაც 2006 წლიდან დღემდე დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა უკავია.