27 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის "USTR"-ის დელეგაციის წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, მათ შორის, IT-სექტორში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან IT-კომპანიებთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
"USTR"-ის წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან, რომლის ფარგლებშიც მართავენ შეხვედრებს სავაჭრო სფეროსთან დაკავშირებულ სამთავრობო უწყებებთან. შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და შემდგომი პერსპექტივები, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები და ამ კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. მათ შორის მხარეებს შორის განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ შორის ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე მაღალი დონის დიალოგის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებების დაწყებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, სადაც შეთანხმდნენ შეხვედრებისა და ვიდეო-კონფერენციების საშუალებით განხილვები დაიწყონ ექსპერტების დონეზე ორივე ქვეყნის სავაჭრო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.