ალიანსის პოლიტიკა საქართველოს მიმართ "არ შეცვლილა", _ განაცხადა ნატოს გენერალური მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას.
"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას," - განაცხადა რასმუსენმა. მისი თქმით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო გახდება ალიანსის წევრი მას შემდეგ როდესაც ის ამისთვის მზად იქნება.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ალიანსში სამომავლო გაწევრიანების ვადებზე ვარაუდების გამოთქმისგან თავი შეიკავა.
"არა მგონია, რომ ვადები უნდა დავაწესოთ," - განაცხადა მან, "ამ მხრივ ბევრი ფაქტორია ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. ადრე ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას ვერ მოესწრებოდნენ... ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება; ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, ჩვენ გვსურს ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. ვნახოთ რა იქნება".
მან ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის.
"იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნები დაყოფილი იყო და ისინი გახდნენ ნატოს წევრები. მე ვფიქრობ, ეს დაყოფა დაძლეულ იქნება მანამდე და ყველაფერი ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და არ უნდა ვიმკითხაოთ იმაზე, თუ ზუსტად როდის," - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.