დღეს, 26 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში"ქეთევან შარაბიძის, ირინა ჯანელიძისა და ნანა მეტივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება", გაიხსნება.
სამივე ავტორი არაპროფესიონალი მხატვარია - პოპ-არტის მიმდევარი. მხატვართა მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი 150-მდე ექსპონატიც შექმნილია თანამედროვე ინტერპრეტაციით: ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნილია შემოქმედის, მხატვრის, ხელოვანის მიერ.
პოპ-არტი, როგორც პოპულარული - ვიზუალური - ხელოვნების მიმდინარეობა, წარმოიშვა ბრიტანეთში, გასული საუკუნის 50-იან წლებში და სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.
პოპ-არტის მიმდევართა დევიზი იყო და არის: „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის". ამიტომაც ექსპონატები შექმნილია გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილი გამოსახულებებით, შეწებებულია სხვადასხვა ნივთი და შექმნილია კოლაჟი.
გამოფენა 7 ივლისს დაიხურება.