უკრაინული Yan Air ზუსტად 3 დღეში კიევის ჟულიანის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. 1 ივლისიდან კი თბილისის მიმართულებით იფრენს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ავიაკომპანია Yan Air ყოველ ოთხშაბათს და შაბათს კიევი-ბათუმი-კიევის რეისს შეასრულებს. ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას კიევი-თბილისი-კიევის რეისი შესრულდება და ათასობით მგზავრის გადაყვანა მოხდება. უკრაინული ავიაკომპანიის ფლოტი თანამედროვე ლაინერებისგან შედგება. ავიაკომპანიის შემადგენლობაშია Airbus 320-ის და Saab 340-ის თვითმფრინავები. ბოლო თვეებში უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანიებმა ათზე მეტი დამატებითი და ახალი რეისი დანიშნეს.
"მიზეზი უკრაინიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის უპრეცენტო ზრდა არის. ახალი რეისების დასანიშნად მოლაპარაკებებს უკრაინულ ავიაკომპანიებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავდა.
გასულ წელს უკრაინიდან საქართველოს 126 797 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, მატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 66%-ია. წელს საქართველო დაახლოებით 250 ათას უკრაინელ ვიზიტორს ელოდება"- აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.