აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ვითარებაა ასახული, ხაზგასმულია საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი.
აღნიშნული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს შემადგენლობაში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ მიაღწია პროგრესს როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით; კერძოდ, გამოძიებების რაოდენობა გაზრდილია 40%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა - 4-ჯერ, ხოლო სასამართლო განაჩენების რაოდენობა - 5-ჯერ.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში შესულია მონაცემები 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2014 წლის პირველი აპრილიდან დღემდე, სულ რამდენიმე თვეში, უკვე იმდენი გამოძიებაა დაწყებული, რაც მთლიანად იყო 2012 წელს. შესაბამისად, წლევანდელი წელი იქნება გაცილებით უფრო ეფექტური ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.
ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი" ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილ საკმაოდ მკაცრ სანქციებს. აქვე ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. კერძოდ, გასულ წელს სახელმწიფო ფონდმა 42 პირს აღმოუჩინა დახმარება, მაშინ, როდესაც 2012 წელს მხოლოდ 18-ს გაეწია დახმარება.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება, რაც გულისხმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა კომპლექსური საშუალებით (სატელევიზიო და რადიოგადაცემები, საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, პირისპირ შეხვედრები).
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სადაც განმარტებულია როგორც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სამართლებრივი ასპექტები, ისე მოცემულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაკითხვის/გასაუბრების სტანდარტები.
საბჭომ, აგრეთვე, შეიმუშავა სამოქმედო გეგმა საერთო საინფორმაციო კამპანიის განსახორციელებლად, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში. ტრეფიკინგის წინააღმდეგ საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გასცა გრანტი, რის საფუძველზეც აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაიწყება.
უწყებათაშორის საბჭოში შემუშავდა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და ექსპლუატაციის დეფინიცია უფრო ცხადი და ადვილად გამოყენებადი გახდა როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისე მოსამართლეებისთვის.
ამასთან, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მეგობარ სახელმწიფოებთან (მაგალითისთვის, შარშან ექსტრადიცია განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკაში).
ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი რისკის მქონე ადგილების შემოწმებას; შსს-მ აჭარაში შექმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე. მთავარი პროკურატურისა და შსს-ის მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ახლო თანამშრომლობით შეიქმნა პროკურორებისა და გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ იმუშავებს. ამასთან, სისტემატურად მოხდება ჯგუფის გადამზადება.