თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 7 მარტს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გასტროლის დროს მომხდარ ინციდენტსა და გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.
როგორც დასის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ მოდებაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 7 მარტს ოსაკაში გასტროლისას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დასის მსახიობებმა ბესარიონ შათირიშვილმა, ზვიად ხვედელიძემ და ირაკლი ბახტაძემ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ალკოჰოლური სასმელი ვისკი და სათამაშო კარტი მოიპარეს, რაც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
"მხოლოდ იაპონელი პროდიუსერების ავტორიტეტის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. დავინდეთ ჩვენი კოლეგები, შედეგად კი, დასის ერთ-ერთი უცნობი წევრისგან, რომელიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილია ამ ქურდობაში, გაზეთ "ალიაში" დღეს გამოქვეყნებული სტატიის სახით უდიდესი ცილისწამება და ტყუილები მივიღეთ. აღნიშნულ სტატიაში ნათქვამი არც ერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა მოდებაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთ "ალიაში" სტატია გამოქვეყნდა, სადაც დასის ერთ-ერთი წევრი ნინო ანაშიავილს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.