აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ხონში, წყალტუბოს და კოპიტნარში, სადაც 10 000-მდე აფხაზეთიდან დევნილია რეგისტრირებული, 21-22 ივნისს
დევნილებისთვის მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩატარდა.
ღონისძებაში მონაწილეობდნენ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები. დევნილებს ემსახურებოდა მედიკოსთა მრავალპროფილური ორი სამედიცინო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,
ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგიის განხრით დევნილებს ექიმმა-ლაბორანტმა საკონსულტაციო, ლაბორატორიული (სისხლის ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში) და ინსტრუმენტული (ულტრასონოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია)
გამოკვლევები ჩაუტარა. პროგრამის ფარგლებში დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტებიც გადაეცათ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრნენ.
ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები უკვე მოგვარდა, იმერეთის დევნილთა ჩასახლებებში კვლავ მრავალი პრობლემაა, თუმცა სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია.
ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად ემზადება მორიგი სამედიცინო გამოკვლევებისთვის სხვადასხვა რეგიონებში. „ცოტა მოგვიანებით, დევნილთა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილი გვაქვს აჭარაში,
სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, რისთვისაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით".