23 ივნისს, 17.00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობით გამოცემული მერაბ ბერძენიშვილის საიუბილეო წიგნი-ალბომის - „მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება" პრეზენტაცია გაიმართება.
2014 წლის 10 ივნისს საქართველოს სახალხო მხატვარს, შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების, ასევე - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფ.ნანსენის სამახსოვრო მედლის მფლობელის, აკადემიკოს მერაბ ბერძენიშვილს 85 წელი შეუსრულდა.
„ქართველ მიქელანჯელოდ" წოდებული მოქანდაკის სკულპტურები - ქვაში გაცოცხლებული ისტორია ჩვენი ქვეყნის წარსულს აწმყოსა და მომავალთან აკავშირებს. საქართველოში ალბათ ვერ ნახავთ ქალაქს და იშვიათად წააწყდებით თბილისში ქუჩას, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი ჩვენი დიდი წინაპრის ძეგლი არ ამშვენებს. მერაბ ბერძენიშვილი, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობს. მის შემოქმედებას ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. „რუსთაველი", ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, „დავით გურამიშვილი", „გიორგი სააკაძე", „მედეა", „მუზა", „კიდევაც დაიზრდებიან...", „დიდგორის მემორიალი", „დიდების მემორიალი" და სხვა მრავალი მონუმენტური, გრაფიკული თუ ფერწერული ნამუშევრით მერაბ ბერძენიშვილი უდიდეს როლს ასრულებს ხელოვნების ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ისტორიაში.
მერაბ ბერძენიშვილი: „...როდესაც კულტურზე ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ რადგან მოქანდაკე ვარ, მხოლოდ ქანდაკებას ვგულისხმობ. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ 400 ჯიშის ვაზი გაგვაჩნდა... ცნობილია, ვისაც ვაზი გააჩნია და იქ, სადაც მზე მცხუნვარეა, ლაღნი და მშვენიერნი იბადებიან. უდიდესი კულტურაა, რომ ისეთი ტრადიცია გაგვაჩნია, რომელიც დღემდე მოვიდა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა"...
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი ჯანბერიძის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სასაჩუქრე წიგნი-ალბომი - „მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება" გამოჩენილი მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ღვაწლის კიდევ ერთხელ დაფასებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.