"ეროვნული საბჭო" გიგი უგულავას პენსიონერთა პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და აღნიშნულის გამო საბჭო დედაქალაქის მერიას ადმინისტრაციულ საჩივარს უგზავნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოს შემადგენლობაში შემავალი კონსერვატიული პარტიიდან აცნობეს, უგულავა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პენსიონერთა პროგრამის საარჩევნო მიზნებით გამოყენებას ახდენს.
"1. 2010 წლის იანვარში თბილისის მერის ხელმოწერით დაიწყო თბილისის პენსიონერებისთვის პირადი წერილების გაგზავნა. წერილებში უგულავა თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს შემდეგი სახის დახმარებებს ჰპირდება: მედიკამენტების შესაძენად 25-ლარიანი ვაუჩერის გაცემა; მეტროთი და ავტობუსით შეღავათიანი მგზავრობისთვის სახელობითი ბარათების გადაცემა; 2010 წლის 1-ლი მარტიდან პენსიაზე 10-ლარიანი დანამატის გაცემა.
2. თბილისის მერის მიერ პენსიონერებისთვის გაგზავნილი წერილები მოთავსებულია თბილისის მერიის ბლანკზე და წერილებზე ასევე გამოსახულია თბილისის მერიის სოციალური პროექტის "მე მიყვარს თბილისის" ლოგო... თბილისის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს თანხას ზემოაღნიშნული სოციალური პროგრამის წერილობითი გზით შეტყობინებისთვის. თბილისის მერის მხრიდან, რომელიც იმავდროულად "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატია 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, წერილებში მერიის სოციალური პროგრამის საკუთარ დამსახურებად წარმოჩენა ერთადერთ მიზანს ემსახურება: ამომრჩევლის წინაშე მისი, როგორც კანდიდატის წარმოჩენა და წარდგენა. პირადად ხელმოწერილი წერილების დაგზავნით თბილისის მერი საკუთარ დამსახურებასთან აიგივებს იმ სოციალური პროექტის განხორციელებას, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება", - ნათქვამია საჩივარში, რომელიც "ეროვნულმა საბჭომ" თბილისის მერიას გადაუგზავნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პარტიები მოითხოვენ შეწყდეს უგულავას მიერ პირადი წერილების გაგზავნა პენსიონერებისდმი და თბილისის მერმა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა აანაზღაუროს.