ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში დღეიდან ოსურენოვანი საინფორმაციო გამოშვება გავა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანია "თრიალეთიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტელერადიოკომპანია "თრიალეთსა" და საზოგადოებრივ მაუწყებლის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც "თრიალეთის" გენერალურმა დირექტორმა ჯონდო ნანეტაშვილმა და "პირველი არხის" ნაციონალური უმცირესობის გენერალურმა პროდიუსერმა ზურაბ დვალმა მოაწერა ხელი.
თანამშრომლობის ფარგლებში დღეიდან რეგიონალური ტელევიზიის ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ოსურ ენაზე მომზადებული მომბე გავა.
"ტელეკოპანია "თრიალეთი" რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად ეთერში ოსურ ენაზე მომზადებული საინფორმაციო გამოშვება გავა, რომელსაც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა უყურებს", - განაცხადა ზურაბ დვალმა.
ამასთან, ტელერადიოკოპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა მხოლოდ რუსული საინფორმაციო პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული და ოსურ ენოვანი საინფორმაციო გამოშვება მათ განსხვავებულ ინფორმაციას მიაწვდის.