საქართველომ და ჩადის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
ჩადის რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა შერიფ მაჰამატ ზენიმ (Cherif Mahamat Zene) საქართველოს მხრიდან კი - საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.
ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ჩადის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს.
საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს გაერო-ს 179 წევრ სახელმწიფოსთან.
მასალის გამოყენების პირობები