ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ და გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა მოაწერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ტურიზმის სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადებაში დაეხმარება, სტუდენტები ადმინისტრაციაში სტაჟირებას გაივლიან. მემორანდუმის გაფორმებამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა. გიორგი სიგუამ სტუდენტებს ტურისტული პროექტები გააცნო და მობილური გიდების პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. მობილური გიდები უცხოელ ტურისტებს თბილისის უკეთ გაცნობასა და საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებიან. პრაქტიკული სამუშაოს დაწყებამდე სტუდენტები ადმინისტრაციაში სპეციალურ ტრეინინგს გაივლიან. პრაქტიკების გარდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 80 მაღალანაზღაურებად ვაკანსიას სთავაზობს, იმ მობილური გიდების თანამდებობაზე, რომლებიც საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან განთავსდებიან და ტურისტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.