ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო გარემოს ობიექტურად გაშუქება იყო. ცესკოს წევრებმა მოისმინეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში.
"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღე და შემდგომი პერიოდი იყოს ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც წარმოადგენს მაუწყებლის სამოქმედო გეგმას პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქებასთან მიმართებაში'', - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ.
ჭანტურიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მედიამონიტორინგში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც ისაუბრეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ამ კატეგორიის ამომრჩევლებს ცესკოს მიერ მომზადებული და მიწოდებული სარეკლამო რგოლები შესთავაზოს. მაუწყებელი ასევე მზადაა ითანამშრომლოს ცესკოსთან სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მიმართებაში, რათა მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდოთ.
''ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ცესკოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საარჩევნო პერიოდის საქმიანობასთან მიმართებაში. ჩვენთვის მისაღებია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს დაბალანსებულად გააშუქოს საარჩევნო პროცესები. ცესკო მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას შეუერთდნენ ამ ინიციატივას", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.